Kabbalah.info - Kabbalah Education and Research Institute

კაბალის ისტორია

phpThumb_generated_thumbnailjpg_15

კაბალის უძველესი სიბრძნე ათასწლეულებს ითვლის. არ არსებობს მასსავით ძველი და ამავდროულად მასსავით აქტუალური მეცნიერება. კაბალის ისტორია არ არის რელიგიის, ფილოსოფიის ან რომელიმე ერის განვითარების ისტორია. ეს არის ისტორია იმ ადამიანთა ჯაჭვისა (ადამიანებისა), რომლებმაც თავიანთ ცხოვრებაში სულიერი სამყაროს, ბუნების მმართველი უმაღლესი ძალის უშუალო შეცნობა შეძლეს.

კაბალის უძველესი სიბრძნე ათასწლეულებს ითვლის. არ არსებობს მასსავით ძველი და ამავდროულად მასსავით აქტუალური მეცნიერება. კაბალის ისტორია არ არის რელიგიის, ფილოსოფიის ან რომელიმე ერის განვითარების ისტორია. ეს არის ისტორია იმ ადამიანთა ჯაჭვისა (ადამიანებისა), რომლებმაც თავიანთ ცხოვრებაში სულიერი სამყაროს, ბუნების მმართველი უმაღლესი ძალის უშუალო შეცნობა შეძლეს.

 

აბრამი

კბალა თავის დასაბამს დაახლოებით 4000 წლის წინათ, მესოპოტამიაში, ძველ ბაბილონში, დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე იღებს. სწორედ აქ, მდინარე ევფრატის დასავლეთ სანაპიროზე (მის სამხრეთ ნაწილში) შუმერების ერთერთ უძველეს ქალაქ ურში (თანახის მიხედვით – „ურ ქასდიმ“) დაიბადა პირველი „ოფიციალური“ კაბალისტი – ავრაჰამი (ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 1900-2000 წლები), რომელიც ჩვენთვის მამა აბრამის სახელითაა ცნობილი. „ოფიციალური“ იმიტომ, რომ ის პირველი არ იყო, ვინც სულიერი სამყარო შეიცნო, არამედ იყო პირველი, ვინც მის მიერ შეძენილი ცოდნა კაბალისტური – სფირების ენით გადმოგვცა.

 

აბრამი წარმართი ქურუმის – თერახის შვილი იყო, ეს უკანსკნელი კი წიგნი „მიდრაშ რაბა“–ს მიხედვით თიხისაგან კერპების დამზადებით და გაყიდვით იყო დაკავებული. დაახლოებით 40 წლის ასაკამდე აბრამიც ამ ოჯახურ საქმიანობაში იყო ჩართული. მიუხედავად ამისა ის გრძნობდა გულის აუხსნელ, დაუოკებელ მისწრაფებას, რომელიც მას მოსვენებას არ აძლევდა. ის რაღაც შინაგანი ინტუიციით ხვდებოდა, რომ მისი თანამედროვეები ცდებიან, რომ კერპებს არავითარი ძალა არ გააჩნია. აი რას სწერს რამბამი თავის „მიშნა თორაში“ (ჰილხოთ ავოდა ზარა) აბრამის ძიების შესახებ:

„გაოცებული იყო: როგორ შეიძლება, რომ (დედამიწის ) ეს ბრუნვა მარადიული იყოს და მას არავინ მართავდეს, და ვინ მართავს მას? რამეთუ შეუძლებელია, რომ თვითონ მართავდეს საკუთარ  თავს. და არ ჰყავდა მას არც მასწავლებელი და არც მაცნე, არამედ ჩაფლული იყო ურ ქასდიმში (ქალაქ ურში) უგონო კერპთაყვანისმცემელთა შორის.

მისი დედ–მამა და მთელი ერი კერპებს ეთაყვანებოდა და ისიც (აბრამიც) მათთან ერთად. მისი გული ადგილს ვერ პოულობდა (დაეხეტებოდა) და ბევრს ფიქრობდა, მანამ სანამ ჭეშმარიტება არ ჰპოვა. და შეიცნო, რომ არსებობს ერთი შემქმნელი და სწორედ ის განაგებს მთელ სამყაროს და სწორედ მან გააჩინა ყველაფერი და ყოველივე არსებულში სხვა არაფერია თუ არა ის...“

 

ბუნებაზე ხანგრძლივი დაკვირვების, ფიქრისა და კვლევის შედეგად აბრამი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ამქვეყნად არსებული ნებისმიერი მოვლენა გარკვეულ კანონზომიერებას ემორჩილება და რომ ყოველივეს ერთი უმაღლესი ძალა განაგებს. ეს ფუძემდებელი მომენტი იყო არამარტო თვით აბრამის, არამედ მთლიანად კაცობრიობის განვითარების ისტორიაში.

აბრამი თავის მეუღლე სარასთან ერთად მთელი ძალებით ცდილობდა, რომ მის მიერ შეძენილი ცოდნა მისი თანამედროვეებისათვის გადაეცა, თუნდაც ეს საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ფასად დაჯდომოდა. ..................................................... „... ადგა და დაიწყო ხმამაღალი ხმით ხალხისათვის მოხმობა და ახსნა, რომ მთელ ქვეყანას ერთი შემქმნელი ჰყავს... და დადიოდა ქალაქიდან ქალაქში და სახელმწიფოდან სახელმწიფოში და მოუხმობდა (ქადაგებდა), მანამ სანამ ქნაანის მიწას არ მიაღწია. და რადგანაც ხალხი მას გარს ეხვეოდა და შეკითხვებს უსვამდა, თითოეულს მის შესაფერისად პასუხობდა, მანამ სანამ ჭეშმარიტების გზაზე არ აყენებდა, და ასე მანამ სანამ მის ირგვლივ ათასობით და ათიათასობით ადამიანი არ შეიკრიბა და ისინი აბრამის მიმდვრები – ე.წ. აბრამის სახლის ხალხი (ანშეი ბეით ავრაჰამ) გახდნენ. და დანერგა მათ გულებში ეს დიდი იდეა და დაწერა წიგნები.“

 

სწორედ აბრამს მიაწერენ კაბალის პირველი წიგნის – „სეფერ ჰაიეცირა“–ს (შექმნის წიგნის) ავტორობას. ეს წიგნი ტექნიკური კაბალისტური ენითაა დაწერილი. მასში ავტორმა არა მხოლოდ სამყაროს ფარული ნაწილის შეგრძნებით მიღებული შთაბეჭდილებები გადმოგვცა, არამედ მისი სტრუქტურაც წარმოგვიდგინა. წიგნი სავსეა ცხრილებით, გრაფიკებით, ყოველგვარი ფორმულებით - ჩვენთვის ჯერ კიდევ უცხო მათემატიკური გამოსახულებების სახით, რომლებიც ძალების ურთიერთქმედების სხვადასხვა ვარიანტებს ასახავენ.

 

აბრამის ირგვლივ მრავალი თანამოაზრე შეიკრიბა. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო პირველი კაბალისტური ჯგუფი. ჯგუფი იზრდებოდა, ვითარდებოდა და უმაღლესი ძალის შეცნობის კაბალისტური მეთოდიკაც თანდათანობოთ სრულყოფილ სახეს იძენდა. დროთა განმავლობაში აბრამის შთამომავალთა და თანამოაზრეთა ჯგუფმა მთელი ერის მოცულობა მიიღო და რაოდენობით დაახლოებით სამ მილიონს მიაღწია. მოგვიანებით კაბალისტთა სწორედ ამ ჯგუფს ეწოდა ებრაელი ერი. ანუ ეს არ იყო ერი, რომელიც ბუნებრივად, რაიმე ეთნიკური, რელიგიური ან სოციალური ნიშნების მიხედვით ჩამოყალიბდა, არამედ ერთი სულიერი იდეით შეპყრობილ ადამიანთა ჯგუფი იყო. შეიძლება ითქვას, რომ ის უმაღლესი სამყაროს მეცნიერთა კაბალისტურ ჯგუფს წარმოადგენდა.

 

ჯგუფის წევრები უმაღლესი სამყაროს შეცნობის უნარს თავიანთ ბავშვებშიაც ავითარებდნენ. ისინი ისე იზრდებოდნენ, რომ მათთვის შემქმნელის შეცნობა ორგანული, სავსებით ბუნებრივი იყო.

 

გადმოცემით აბრამის მოსწავლეთა ნაწილმა ამ სწავლების მხოლოდ ნაწილი აითვისა, გამოეყო ძირითად ჯგუფს და განვითარების დამოუკიდებელი გზით წავიდა. (თორა გვაუწყებს აბრაამის მეორე ცოლის - ქთორას შვილებზე, რომლებიც მან აღმოსავლეთისაკენ გაგზავნა.).  არსებობს აზრი, რომლის მიხედვითაც სწორედ მოსწავლეთა ეს ნაწილი მეთაურობდა ე.წ. არიელთა (ძველ ინდურად - ā́rya, ავესტურად - airya, ძველ სპარსულად – ariya-) ტომს, რომელიც ირანის ზეგანიდან ჩამოვიდა და სამხრეთით ჰიმალაის გავლით ინდოეთში გადავიდა.  ძვ.წ. XVIII საუკუნეში ისინი იპყრობენ ჩრდილოეთ ინდოეთს, სადაც თავიანთი სწავლება მიაქვთ. მოგვიანებით ეს სწავლება ²ვედების² სახელწოდებით ჩაიწერა. (ვედები – სანსკრ. वेद „ცოდნა“). ჩვენ შეგვიძლია მსგავსება დავინახოთ სანსკრიტულ სიტყვა ვედსა და ებრაულ „იედას“ შორის, რომელიც ივრითზე ასევე ცოდნას ნიშნავს. შემდგომში უძველესი ვედები საფუძვლად დაედო უფანიშადის კრებულის შექმნას, რომელიც ინდოური ბრაჰმანიზმის თეორიული საყრდენი გახდა.

 

რაც შეეხება აბრამის წინამორბედებს, კაბალისტები თვლიან, რომ თვით 5771 წლის წინათ მცხოვრები „ადამ ჰარიშონ“–იც (ივრითულად პირველი ადამიანი) კი კაბალისტი იყო, უფრო მეტიც, ისინი მიიჩნევენ რომ მას პირველი ადამიანი იმიტომ კი არ ეწოდა, რომ მართლაც პირველი ჰომო საპიენსი იყო, არამედ იმიტომ, რომ ის მის თანამედროვეთაგან პირველი იყო, ვისშიაც სულიერი სამყაროს, შემქმნელის უშუალო შეცნობის სურვილმა გაიღვიძა. სწორედ ადამს მიეწერება წიგნ „რაზიელ ჰამალახ“–ის (ანგელოზი რაზიელი) ავტორობა. ამ წიგნში ის ანგელოზად წოდებულ, სამყაროს მმართველ ერთიან ძალას აღწერს, რომელიც თავის მხრივ უფრო დაბალი საფეხურის ძალებისაგან (“ქვე-ანგელოზებისაგან”) შედგება. ადამი ამ ძალების აგებულებას, მათ ურთიერთქმედებასა და ჩვენს სამყაროზე გავლენას გადმოგვცემს. თუმცაღა მისი მეტაფორებით აღსავსე თხრობის ენა ჩვენთვის ძნელად გასაგებია.

 

მოშე

აბრამის მიერ შექმნილი კაბალისტური ჯგუფი თავდაპირველად ქნაანის (დღევანდელი ისრაელის ტერიტორია) მიწაზე დამკვიდრდა, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ იძულებული გახდა გვალვის და შიმშილის გამო ეგვიპტეში გადასულიყო. ყველასათვის ცნობილია აბრამის შვილთაშვილი იოსების ისტორია, რომელიც ეგვიპტის ფარაონის მარჯვენა ხელი, და მისი სიზმრების ერთადერთი ამხსნელი იყო. სწორედ იოსების და მისი ძმების ეგვიპტეში დამკვიდრებით დაიწყო ისრაელთა („იაშარ ელ“ – პირდაპირ შემქმნელისაკენ მიმართულთა) ხანგრძლივი ეგვიპტური მონობა, რომელიც ძვ.წ. 1350 წელს მოშეს ანუ მოსეს მეთაურობით ებრაელთა ეგვიპტიდან ცნობილი გამოსვლით დასრულდა, რის შემდეგაც ეს რიცხობრივად უკვე გაზრდილი და ერთ ერად ჩაოყალიბებული კაბალისტური ჯგუფი 40 წელს ატარებს უდაბნოში მანამ, სანამ აღთქმულ ისრაელის მიწას არ უბრუნდება. (აღსანიშნავია, რომ ებრაული ტექსტების უმრავლეობა ჯერ ბერძნულად ითარგმნებოდა, ხოლო შემდეგ ბერძნულიდან ყველა სხვა ენაზე, რამაც ებრაულ სახელებსა და დასახელებებში ასო „შ“–ს ასო „ს“–თ ჩანაცვლება გამოიწვია, ამის მიზეზი ის იყო, რომ ბერძნულში ასო „შ“ არ იხმარება. სწორედ ამის გამო იხმარება სახელები იერუსალიმი, მოსე, სოლომონი და ა.შ. იერუშალაიმის, მოშეს, შლომოს ნაცვლად, როგორც ისინი პირველწყაროებში მოიხსენიება).

 

ებრაელების ეგვიპტიდან გამოსვლა და აღთქმული მიწისაკენ უდაბნოში 40 წლიანი სვლა მთელი მსოფლიოსათვის ადამიანის თავისუფლებისაკენ მისწრაფების და სამშობლოს ერთგულების უნიკალურ სიმბოლოდ იქცა, თუმცაღა თვით ამ ჯგუფისათვის ყოველივე ამას გაცილებით უფრო ღრმა, სულიერი მნიშვნელობა გააჩნდა. ებრაელებისათვის ეგვიპტიდან გამოსვლა ადამიანის მიერ მატერიალურ და სულიერ სამყაროებს შორის არსებული ბარიერის გადალახვის და ადამიანის სულიერ სამყაროში თითქოსდა „ხელახლა დაბადების“ სიმბოლოა, სადაც ეგვიპტე და ფარაონი ადამიანის ეგოისტურ სურვილებს ასახიერებს, ხოლო მოშე და ებრაელი ხალხი – ეგოიზმის ტყვეობიდან განთავისუფლებულ ალტრუისტურ სურვილებს.

 

სწორედ ამაზე და არა უბრალოდ ისტორიულ მოვლენებზე მოგვითხრობს მოშე „თორა“–ში (მოშეს ხუთწიგნეული, ძველი აღთქმა). მართალია, დღეს თორა მსოფლიოს პირველ ბესტსელერად ითვლება, მაგრამ მიუხედავად მისი ასეთი პოპულარობისა ცოტას თუ ესმის ამ წიგნის ჭეშმარიტი არსი და მისი დანიშნულება.

სიტყვა „თორა“ სიტყვა „ორ“–ისაგანაა წარმოქმნილი, რაც ივრითულად შუქს, ნათელს ნიშნავს. კაბალისტები სწორედ ამ სიტყვით აღწერენ მთელი სამყაროს მმართველ უმაღლეს ძალას. მოშემ ამ წიგნის დასაწერად სპეციალური, ე.წ. „შტოების“ ენა გამოიყენა. კაბალისტი სამყაროს როგორც მატერიალურ ასევე სულიერ დონეს, სფეროს აღიქვამს. ის ხედავს, თუ როგორ ეშვება ინორმაცია უსასრულო სულიერი სამყაროდან და თანდათანობით როგორ იღებს ჩვენს სამყაროში მატერიალურ სახეს. კაბალისტები ამტკიცებენ, რომ მატერიალური სამყაროს ნებისმიერ ელემენტს, ობიექტს, საგანს, მოვლენას საკუთარი და გამორჩეული ფესვი გააჩნია სულიერ სამყაროში, რომ ჩვენი სამყარო უბრალოდ სულიერი სამყაროს შედეგი, მისი პროექციაა.

 

სულიერ სამყაროში არ არსებობს სიტყვები. ამიტომ იქ მიმდინარე პროცესების აღსაწერად და თავიანთი ცოდნის სხვებისათვის გადასაცემად კაბალისტები შტოების ანუ შედეგების (იგულისხმება სულიერი მიზეზის, ფესვის მატერიალური შედეგი, გამოვლინება) ენას იყენებენ. ესე იგი თუკი მოშეს რაიმე სულიერი ობიექტის, რაიმე ძალის, ან ამა თუ იმ მოვლენის აღწერა სურდა უმაღლეს სამყაროში, ის მას ჩვენს სამყაროში მისი შედეგის სახელწოდებით მოიხსენიებდა. ასე მაგალითად თუ ჩვენს სამყაროში ეს სულიერი ობიექტი ქვის სახით არსებობდა, მოშე ამ სულიერ ძალას ქვის სახელით მოიხსენიებდა და ა.შ.. სწორედ ასეთი  კოდირებული სახის წყალობით თორამ, სხვა კაბალისტური წიგნებისაგან განსხვავებით, ფართო გავრცელება ჰპოვა.

 

ადამიანი, რომელიც გრძნობის ხუთი ორგანოს მეშვეობით აღიქვამს სამყაროს და რომელსაც საკუთარ თავში ჯერ კიდევ არ განუვითარებია სულიერი სამყაროს აღქმის უნარი, ვერ შეძლებს თორის ადეკვატურად აღქმას, რადგან შეუძლებელია შტოების ენის შესწავლა რომელიმე უცხო ენის მსგავსად. ამ შემთხვევაში ჩვენ ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილი საგნების და მოვლენების ახალ, დამატებით დასახელებას კი არ ვსწავლობთ, არამედ ამ საგნებისა და მოვლენების მიზეზს, მათ ღრმა, ფაქიზ, დაფარულ სულიერ ფესვს ვწვდებით, ეს კი არა დამატებითი ცოდნის შეძენით, არამედ თვით ადამიანის შინაგანი, თვისობრივი ცვლილებითაა შესაძლებელი.

 

კაბალისტები მოგვითხრობენ, რომ თორა ადამიანის სრულ სულიერ გზას აღგვიწერს,   რომ მისი ყოველი პერსონაჟი თითოეულ ჩვენთაგანში არსებობს და რომ მასში აღწერილი ნებისმიერი პროცესი თითოეული ადამიანის სულში ხდება. ამიტომ კაბალისტისათვის თორის  შესწავლა საკუთარი თავის, თავისი უფრო მაღალი „მე“–ს, თავისი სულის  აღმოჩენას, შესწავლას ნიშნავს.

 

ადამიანის სულიერი განვითარება, თანდათანობით, საფეხურეობრივად ხდება. კაბალისტები ასეთ 125 საფეხურს მოითვლიან. თორა, თუმცა კოდირებული სახით, მაგრამ ყველა ამ საფეხურს აღწერს (ასახავს).

 

ეგვიპიტიდან გამოსვლის და ისრაელის მიწაზე დაბრუნების შემდეგ აბრამის მიერ შექმნილი კაბალისტური ჯგუფი ახალ სულიერ საფეხურზე მაღლდება. ამ საფეხურს თორაში „პირველი ტაძარი“ ეწოდება. ტაძარი ეს უბრალოდ იერუშალაიმში აშენებული ნაგებობა კი არა კაბალისტური ჯგუფის სულიერი საფეხურია. ადამიანის სულიერი განვითარება (ამალება) ერთის მხრივ ეგოიზმის ზრდის და მეორეს მხრივ ამ ეგოიზმზე ამაღლების გამუდმებული პროცესია. ამიტომ ყველა ახალ სულიერ საფეხურს და აღმავლობას ეგოიზმის ხელახადი ზრდა და „დაღმავლობა“ მოსდევს, რის შემდეგაც უკვე უფრო მაღალ სფეხურზე ამაღლება ხდება.

 

დაღმავლობის ასეთ პერიოდში კაბალისტმა ან კაბალისტთა ჯგუფმა შესაძლოა სრულებით დაკარგოს კავშირი სულიერ სამყაროსთან. ეს პერიოდი შესაძლოა საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდეს და ის თორაში „გალუთის“ – დევნილობის სახელით მოიხსენიება. მართალია, თორა ადამიანის სულიერ სამყაროდან მოწყვეტაზე, დევნილობაზე მოგვითხრობს, მაგრამ იმდენად რამდენადაც სულიერი სამყარო განაპირობებს მატერიალურ სამყაროს, ნებისმიერი სულიერი პროცესი  მინიმუმ ერთხელ მაინც ჰპოვებს თავის განხორციელებას, გამოვლინებას ამქვეყნად.  ამიტომ ებრაელთა კაბალისტური ჯგუფი სულიერი სამყაროს შეგრძნების დაკარგვასთან ერთად ისრაელის მიწიდანაც იდევნებოდა.

 

სწორედ სულიერი დევნილობის ასეთ პერიოდში, რომელიც თორაში „მეორე ტაძრის“ ნგრევით მოიხსენიება, ებრაელთა კაბალისტურ ჯგუფს ძალა აღარ შესწევდა თორის თავისი ჭეშმარიტი, სულიერი მნიშვნელობით აღქმისა და ამიტომ მასში აღწერილი „წესების“ და „კანონების“ მექანიკური, ფიზიკური შესრულება დაიწყო. ასე თანდათან წარმოიშვა რელიგია, რომელსაც მოგვიანებით იუდაიზმი ეწოდა. სულიერი სამყაროს, უმაღლესი ძალის უშუალო შეგრძნება ბრმა რწმენამ და რიტუალებმა მოქმედებებმა შეცვალა.

 

სამწუხაროდ დევნილობის ხანგრძლივი, ორიათასწლიანი პერიოდის განმავლობაში ერმა თითქმის სრულებით დაკარგა კავშირი კაბალასთან და მთელი ამ ხნის განმავლობაში ეს სწავლება მხოლოდ ერთეული კაბალისტების უწყვეტი ჯაჭვის წყალობით გადაიცემოდა. ასე იქცა კაბალა დაფარულ სწავლებად, რომელიც მასწავლებლიდან მოსწავლეს გადაეცემოდა.

 

შიმონ ბარ იოხაი, ჰარი, ბაალ სულამი

 

მეორე ტაძრის დანგრევის შემდეგ, სულიერებიდან სრული განდევნის (დაცემის) პერიოდში იქმნება მსოფლიოში ყველაზე უფრო ცნობილი კაბალისტური წიგნი „ზოჰარ”-ი (ივრითულად – ციალი, ნათება). ეს ნაშრომი  ჩვ.წ. II საუკუნეში, ერთ-ერთი უდიდესი კაბალისტის  შიმონ ბარ იოხაის და მისი 9 მოსწავლის მიერ ცფათის მახლობლად, სოფელი პკიინის მიდამოში არსებულ „იდრა რაბა“–ს პატარა გამოქვაბულში დაიწერა. ზოჰარის შემქმნელი კაბალისტები გამოქვაბულში რომაელებს არიდებდნენ თავს (ემალებოდნენ), რომლებიც რაბი შიმონსა და მის ვაჟს მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო სდევდნენ.

 

ეს წიგნი განსაკუთრებული  სისტემით, მეთოდით იწერებოდა: ვიწრო, სანთლებით განათებულ გამოქვაბულში იჯდა ათი უდიდესი კაბალისტი პარარელურად ათი სულიერი სფირისა (შუქის გამატარებელი ათი არხი – სრულყოფილი სულიერი სტრუქტურა) თვით რაბი შიმონი არაფერს სწერდა, ის მხოლოდ ზეპირად გადმოსცემდა, მისი შვილი – რაბი ელიეზერი იმეორებდა, ხოლო რაბი აბა, რომელიც დაფარული, შენიღბული სახით გამჟღავნების („გილუი ბე რაზა“) განსაკუთრებული ნიჭით იყო დაჯილდოვებული – წერდა. დანარჩენი შვიდი რაბი შიმონის მიერ გადმოცემულს გულში იმეორებდა და ჩუმად აანალიზებდა.

 

კაბალისტების გადმოცემით ზოჰარის დაწერა მხოლოდ ამ ათი უდიდესი კაბალისტის გასაოცარი კავშირის, მათი უსაზღვრო ერთობის წყალობით გახადა შესაძლებელი. არიან ადამიანები, რომელთაც ერთიმეორის გასაგებად ბევრი სიტყვები ესაჭიროებათ, არიან ადამიანები, რომლებიც უბრალო მინიშნებით, ან სულაც უსიტყვოდ უგებენ ერთანეთს, თითქოს ერთმანეთის აზრებს კითხულობენო. რაბი შიმონისა და მისი მოსწავლეების კავშირი ამ უკანასკნელზე გაცილებით უფრო ღრმა იყო – ისინი იყვნენ ერთი ადამიანი ერთი სულით და ის, რაც ერთმა იცოდა ან გრძნობდა, შეიცნობდა– მყისვე გადაეცემოდა ყველა დანარჩენს.

 

ზოჰარი სპეციალურად არამეულ ენაზე დაიწერა, რომელიც ივრითულის საპირისპირო, მის ეგრეთ წოდებულ „უკუ ენად“ (სიტყვისაგან „ახორაიმ“ – უკანა ნაწილი) ითვლება. ზოჰარში ბერძნული  და ლათინური სიტყვებიცაა ნახმარი. რაბი აბამ შეძლო სიტყვებს მიღმა მისი მასწავლებლის მიერ გადმოცემული სულიერი ინფორმაციის ჭეშმარიტი მნიშვნელობის დაფარვა და შენიღბვა. ინფორმაციისა, რომელიც მხოლოდ იმ ადამიანისთვის ხდება ხელმისაწვდომი, რომელიც წიგნის ავტორის სულიერ დონეს აღწევს.

 

წიგნი შექმნისთანავე გაუჩინარდა. გადმოცემით ის კაბალისტებმა ცფათის მახლობლად არსებულ ერთერთ გამოქვაბულში გადამალეს. არსებობს ლეგენდები იმის შესახებაც, რომ გაუჩინარებიდან 500-600 წლის შემდეგ წიგნი ადგილობრივმა არაბმა მწყემსებმა აღმოაჩინეს და წიგნის ფურცლების შესაფუთ მასალად გამოყენება დაიწყეს. ასე წააწყდა ცფათის ერთერთი კაბალისტი ზოჰარის ფურცლებს, როელშიაც მას ბაზარზე თევზი გაუხვიეს. მან გამყიდველებისაგან ზოჰარის ყველა დარჩენლი ფურცელი შეისყიდა და წიგნად აკინძა. აქედან მოყოლებული მე–13–ე საუკუნემდე წიგნის ბედი ჩვენთვის უცნობია.

 

მე–13–ე  საუკუნეში წიგნი ზოჰარი გაფანტული ფურცლების სახით გაურკვეველი გზით ესპანელი  კაბალისტის მოშე დე ლეონის ხელში აღმოჩნდა. ამ ფრაგმენტებისაგან იქნა აწყობილი “ზოჰარი” იმ სახით, რომლითაც მას დღეს ჩვენ ვიცნობთ, ჩვენამდე მოღწეული ვარიანტი  მხოლოდ მოშეს ხუთწიგნეულის ცალკეული თავების კომენტარებისაგან შედგება, გადმოცემის თანახმად კი შიმონ ბარ იოხაის მიერ შექმნილი დედანი  ასევე წინასწარმეტყველთა და მთელი წმინდა წერილის ტექსტების კომენტარებისაგან შედგებოდა. ამგვარად, ორიგინალური ნაშრომი დაახლოვებით ოცჯერ უფრო დიდი იყო ვიდრე თანამედროვე ვარიანტი.

 

მოშე დე ლეონის გარდაცვალების შედეგ მისმა ქვრივმა თავის რჩენის მიზნით წიგნი ზოჰარი ერთერთ გამომცემელს მიჰყიდა. ასე გაიხსნა წიგნი ფართო საზოადოებისათვის და ასე დაიწყო მან „მოგზაურობა“ მთელ მსოფლიოში.

 

ამ ნაშრომზე არაბ, ქრისტიან და იუდეველ მეცნიერთა მრავალი თაობა აღიზარდა, გაიმართა მრავალი დისპუტი, მის ირგვლივ შეიქმნა მრავალი მითი, მაგრამ წიგნი მაინც ყველასათვის საიდუმლოებით მოცული დარჩა. ის ხომ, მისი ავტორების ჩანაფიქრისამებრ, მხოლოდ იმათთვის იხსნება, ვინც მისი ავტორების სულიერ დონეს აღწევს.

 

ჰარი – რაბი იცხაკ ლურია აშქენაზი

სწორედ ასეთი ადამიანი გაჩნდა მე–16–ე საუკუნის ირუსალიმში (1534 წ). ეს ადამიანი იყო რაბი იცხაკ ლურია აშკენაზი, იგივე ჰარი (ჰაელოკი რაბი იცხაკ – ღვთიური რაბი იცხაკი). ჰარიმ ბავშვობა ეგვიპტეში, თავის ბიძასთან გაატარა, რომელიც ძალზედ მდიდარი და გავლენიანი პიროვნება იყო. სწორედ იქ 16 წლის ასაკში გადასცეს მას წიგნი ზოჰარი. ის ამ წიგნს 36 წლის ასაკამდე შეისწავლიდა, რის შემდეგაც 1570 წელს ისრაელში დაბრუნდა და კაბალისტების სულიერ ცენტრად აღიარებულ ქალაქ ცფათში დამკვიდრდა.

 

იმ 17 თვის განმავლობაში, რომელიც ჰარიმ ცფათში გაატარა, მან იქ ნამდვილი სულიერი რევოლუცია მოახდინა. ჰარი იყო პირველი კაბალისტი, რომელმაც კაბალის სწავლების ახალი მეთოდიკა (დღეს ეს მეთოდიკა ლურეანული კაბალის სახელწოდებითაა ცნობილი) შეიმუშავა, რომლის წყალობითაც კაბალის სწავლა ყველა მსურველთათვის ხელმისაწვდომი გახდა. მოიხსნა კაბალასთან დაკავშირებული ყოველგვარი  შეზღუდვა. ჰარიმ თავის მოსწავლეებს სამყაროს შექმნის, მისი აგებულებისა და დანიშნულების შესახებ სრული ინფორმაცია გადასცა. ის არ ფარავდა, რომ მხოლოდ უანგარო სიყვარულის თვისების მქონე ადამიანს ძალუძდა სულიერი სამყაროს და მისი მმართველი უმაღლესი ძალის შეცნობა.

 

რაბი შიმონ ბარ იოხაის მსგავსად ჰარის წიგნებსაც მისი ერთგული მოსწავლე რაბი ხაიმ ვიტალი წერდა. ეს წიგნები კაბალის, ანუ სფირების ენითაა დაწერილი, რაც ადამიანს  საშუალებას არ აძლევს რომ შეცდეს და ამ წიგნებში მოთხრობილი ამქვეყნიურ ამბებად და ისტორიულ მოვლენებად აღიქვას.  აი რას სწერს რაბი ხაიმ ვიტალი წიგნ „სიცოცხლის ხე“–ს წინასიტყვაობაში (11–ე გვერდი):

 

„ყოველგვარ ეჭვ გარეშე, ადამიანები, რომლებიც თორის მხოლოდ ზედაპირული, ამბებისა და ისტორიების შესწავლით არიან დაკავებული, მას ქვრივის სამოსით, ტომრით მოსავენ... შეუძლებელია თორის ამაზე უფრო მეტად დამცირება. და არ სწავლობენ კაბალას, რომელიც თორას პატივს აგებს, და ისინი (ვინც კაბალას არ სწავლობს) ახანგრძლივებენ დევნილობის პერიოდს და უბედურ მოვლენებს იწვევენ მსოფლიოში.“

 

წიგნი „სიცოცხლის ხე“ და ჰარის ოცამდე სხვა ნაშრომი დღესაც ძირითად კაბალისტურ სახელმძღვანელოებად ითვლება.

 

რავ იეჰუდა აშლაგი – ბაალ სულამი (1884-1954)

ჰარის მიერ შექმნილი მეთოდიკა მე –20 საუკუნის უდიდესმა კაბალისტმა – რავ იეჰუდა აშლაგმა სრულყო და განავითარა. უფრო მეტიც, მან შესძლო ამ მეთოდიკის დღევანდელი თაობებისათვის ადაპტირება. სწორედ ამის გამო უწოდეს მას „ბაალ სულამი“ – კიბის მფლობელი. მთელი თავისი ცხოვრება მან კაცობრიობასა და კაბალას შორის გაწყვეტილი კავშირის აღდგენას შეალია. ის დაუღალავად შრომობდა „ზოჰარისა“ და „სიცოცხლის ხის“ კომენტარებზე, რითაც თითოეულ ჩვენთაგანს უმზადებდა კიბეს ამ წიგნების სულიერ დონეზე ამაღლებისათვის.

აი რას სწერს ის წიგნი „ათი სფირის თალმუდი“–ს შესავალში: „სურვილი მაქვს დავამსხვრიო ის რკინის კედელი, რომელიც კაბალასა და ჩვენს შორის აღმართულა და გვაშორებს ერთმანეთს ტაძრის დანგრევიდან ჩვენს თაობამდე მოყოლებული".

 

ბაალ სულამმა დაწერა უამრავი წიგნი და სტატია, რომელშიაც სრულად ასახა არამარტო ადამიანის, არამედ მთლიანად საზოგადოების, კაცობრიობის სულიერი განვითარების გზა. ის იყო პირველი კაბალისტი, რომელმაც კაბალისტური გაზეთი გამოსცა, რომელშიაც მთელ ერს, განურჩევლად პოლიტიკური მრწამსისა, გაერთიანებისაკენ მოუწოდა. ეს გაერთიანება კი მხოლოდ მათი ისტორიული ფუნქციის ირგვლივ იყო შესაძლებელი.

 

ბაალ სულამი დარწმუნებული იყო, რომ აბრამის კაბალისტური ჯგუფის – ებრაელი ხალხის ისრაელის მიწაზე დაბრუნება ნიშანი და წინამძღვარი იყო მათი ხელახალი სულიერი აღორძინებისა, რომელსაც თავის მხრივ საფუძველი უნდა ჩაეყარა და ბიძგი უნდა მიეცა მთელი კაცობრიობის სულიერი  გამოღვიძებისათვის. სწორედ ამ უკანასკნელში მდგომარეობდა მისი აზრით ამ ხალხის ისტორიული ფუნქცია და მისი შეუსრულებლობა იყო მიზეზი საუკუნოვანი ანტისემიტიზმის და დევნისა.

 

სამწუხაროდ ბაალ სულამის მოღვაწეობის დროს საზოგადოება ჯერ კიდევ არ იყო მზად უდიდესი კაბალისტის რევოლუციური იდეების აღსაქმელად და განსახორციელებლად. ბაალ სულამი იძულებული გახდა მთელი თავისი ცოდნა საკუთარი ვაჟის – ბარუხ შალომ აშლაგის და თავის მოსწავლეთა მცირერიცხოვანი ჯგუფისათვის გადაეცა.

 

ბარუხ აშლაგი (რაბაში) მამის მსგავსად მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში კაბალისტური მეთოდიკის უბრალო ადამიანთან დაახლოვებას ცდილობდა. რაბაშამდე არ არსებობდა არც ერთი სხვა კაბალისტი, ვინც ადამიანის შინაგან გამოსწორებაზე ასე გულახდილად საუბრობდა, მაგრამ რაბაშმა იცოდა, რომ დრო დადგა და კაბალა უნდა გახსნილიყო ყველასათვის, განურჩევლად ეროვნებისა, სქესისა, რელიგიური მრწამსისა თუ ასაკისა. მან იცოდა, რომ აქვეყნად ყველა ადამიანს აქვს ის საერთო რაც ნებისმიერ განსხვავებაზე უფრო მაღლა დგას – სული და ის გზა, რომელიც ამ სულმა უნდა გაიაროს თავის სრულყოფილ, მარადიულ მდგომარეობამდე.

კაბალის საერთაშორისო აკადემია

თანამედროვე კაბალა ძირითადად კაბალისტურ ცენტრში ვითარდება, რომელიც იეჰუდა აშლაგის (ბაალ სულამის) უფროსი ვაჟის, დიდი კაბალისტის, ბარუხ აშლაგის (რაბაშის) მოსწავლემ  მიხაელ ლაიტმანმა დააარსა.

ბაალ სულამის ვაჟს მამის სულიერი მონაპოვარი, მისი სულიერების დონე და მეთოდიკა პრაქტიკულად მემკვიდრეობით გადაეცა. რაბაშის სიცოცხლის ბოლო 12 წლის განმავლობაში მიხაელ ლაიტმანი მისი მდივანი, მოსწავლე, მოადგილე და დამხმარე იყო. მან უკვე ამ დროს დააარსა კაბალისტური ჯგუფი, ხოლო რაბაშის სიკვდილის შემდგომ მასწავლებლისაგან მიღებული დიდი კაბალისტების მეთოდიკის განვითარება  დამოუკიდებლად განაგრძო.

 

დღეისათვის კაბალის საერთაშორისო აკადემია უზარმაზარი ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ასობით ათას ადამიანს აერთიანებს. ისინი კაბალას თანამედროვე მეთოდიკით შეისწავლიან. ისე, როგორც გადმოცემულია ბაალ სულამის, რაბაშის წიგნებში. სწავლობენ ასევე “ზოჰარს” და ჰარის ნაშრომებს. (არსებობს უფრო ძველი კაბალისტური წიგნებიც, მაგრამ თანამედროვე ადამიანს არ შეუძლია მათი გაგება). სწორედ ეს წიგნები ითვლება ძირითად საბაზო სახელმძღვანელოებად კაბალაში. მათი შესწავლით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გრძნობის მეექვსე ორგანოს განვითარების მეთოდიკას დაეუფლოს. შეუძლია განივითაროს და შესაბამისად შეაღწიოს იმ სფეროში, რომელიც ჩვენი გრძნობის ხუთი ორგანოს აღქმის საზღვრებს გარეთ არის.

 

ეს წააგავს სტერეო-გამოსახულებას, რომელზეც ჩვენ შტრიხების სიმრავლეს ვხედავთ, ხოლო როცა მზერა სხვა ფოკუსში გადაგვაქვს, შევდივართ შიგნით და უეცრად აღვიქვამთ სამგანზომილებიან გამოსახულებას.

 

სწორედ ამ მეთოდიკის განვითარებას ემსახურება კაბალის საერთაშორისო აკადემია. ის გამოსცემს წიგნებს მსოფლიოს ცხრა ენაზე. ხოლო საიტი, რომელზეც თქვენ ახლა იმყოფებით, კაბალის შესახებ მსოფლიოში ყველაზე დიდი და ინფორმაციული რესურსის მქონე საიტია. ის დაჯილდოებულია ენციკლოპედიის პრიზით “ბრიტანიკა” და ღიაა აბსოლუტურად ყველასათვის.

 

აკადემია მუდმივად აწყობს სამეცნიერო კონფერენციებს, უშვებს ფილმებს და აუდიომასალებს. ისრაელში კაბალის შესწავლის ცენტრიდან სატელიტური და საკაბელო ტელევიზიით ყოველდღე გადაიცემა გაკვეთილები. გარდა ამისა, გაკვეთილები ინტერნეტით ონ_ლაინის რეჟიმში მსოფლიოს ყველა ქვეყანაში გადაიცემა. მას თან ახლავს სინქრონული თარგმანი რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, იტალიურ, ესპანურ, ფრანგულ და თურქულ ენებზე.

 

თანამედროვე ადამიანი უკვე მომზადებულია კაბალისტური ინფორმაციის აღსაქმელად. მან განვითარების ისეთ საფეხურს მიაღწია, რომ მზადაა უმაღლესი სამყარო წარმოიდგინოს ძალთა ველების, ენერგიის, შუქის სამყაროდ, სამყაროდ მატერიის ზემოთ. სწორედ ასეთი  სამყაროს, ძალების, აზრების, შუქის სამყაროს შესახებ ლაპარაკობს კაბალა. 

 

 

 

 

კაბალა, მეცნიერება და სიცოცხლის არსი

კაბალის საერთაშორისო აკადემია

კაბალის ინტერნეტ – ტელევიზია